რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს,რომ „იმედი“ პატარკაციშვილების ოჯახს დასავლეთის მოთხოვნის შედეგად დაუბრუნდა
რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს,რომ „იმედი“ პატარკაციშვილების ოჯახს დასავლეთის მოთხოვნის შედეგად დაუბრუნდა
11:36 17.10.2012
ექსპერტი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია „იმედის“ ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახისთვის დაბრუნება დასავლეთის მოთხოვნის შედეგია.

როგორც საყვარელიძემ „ნიუსპრესს“ განუცხადა, გუშინ ძალიან საინტერესო პროცესი დაიწყო.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის დაბრუნება იმის მანიშნებელი იყო, რომ მას სიკეთის კეთება სურს.

„ადრეც რომ ამ სტილში ყოფილიყო ქვეყნის მართვა სააკაშვილი არჩევნებში არ დამარცხდებოდა. ამასთან დაკავშირებით ყველას თავისი ვერსიები აქვს, მათ შორის მეც. ვფიქრობ, ამგვარ ცვლილებებში ამერიკული გავლენა უნდა ვეძებოთ. ასევე, ამერიკულ მხარეს სურს სააკაშვილს ის იმიჯი დაუბრუნოს, რომელიც თავის დროზე მიანიჭა“ - განაცხადა საყვარელიძემ.

მისი თქმით, ამერიკას დესტაბილიზაცია არ სუნდა, ამიტომ ერთადერთი მექანიზმი იმისთვის, რომ ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდეს, ამგვარი სტრატეგიაა.

„იმედის“ ნამდვილი მფლობელისთვის დაბრუნება შეიძლება ზოგადი მოთხოვნის გამოძახილი იყოს, რომ საქართველოში ყველაფერი იმ წერტილში დაბრუნდეს, სადამდეც სააკაშვილი დემოკრატიის ფიგურად აღიქმებოდა“ - აღნიშნა საყვარელიძემ.

მისივე თქმით, შესაძლოა, ტელეკომპანიაში ფინანსური პრობლემებიც იყო, რადგან „ნაციონალურ მოძრაობას“ ბიუჯეტის სახსრებზე ხელი აღარ მიუწვდება.

საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ამავე დროს, ხელისუფლება ცდილობს ახალი მედიასაყრდენები შეიქმნას, მაგალითად ტელეკომპანია „საქართველოს“ სახით.

„ამ ფონზე ძველ მედიასაშუალებებზე კონტროლის დაკარგვა კითხვებს აჩენს. შექმნილი გაუგებრობის ერთადერთი ახსნა, იმ სურათის აღდგენა იყოს, რომელიც „იმედის“ დარბევამდე არსებობდა. ვფიქრობ, ტელეკომპანიის დაბრუნება ამის გამოხატულებაა, თუმცა, ეს ნაბიჯი უფრო ზოგადად დასავლეთის მოთხოვნის შედეგია“ - განაცხადა საყვარელიძემ.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ მანამ, სანამ სასამართლოს „იმედის“ საქმეები გადაეცემა, ჩნდება ტენდენცია იმის, რომ აღნიშნულ საქმეებში მონაწილე პირებმა სამართალი აღადგინონ.

ტელეკომპანია „იმედის“ პატარკაციშვილების ოჯახისთვის გადაცემის შესახებ გუშინ გახდა ცნობილი. კერძოდ, ტელეკომპანიასა და ოჯახს შორის შეთანხმება შედგა, რომლის თანახმადაც, „იმედი“ პატარკაციშვილების ოჯახს დაუბრუნდა. არხი უკვე დატოვა მისმა გენერალურმა დირექტორმა გიორგი არველაძემ.

ტელეკომპანია „იმედი“ პატრკაციშვილების ოჯახს ბიზნესმენის გარდაცვალების შემდეგ ჩამოერთვა.

ბეჭდვა