საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ოფიციალურად წარდგენის ვადა დღეს იწურება.
კონსტიტუციის თანახმად, მთავრობის გადადგომიდან, გადაყენებიდან ან უფლებამოსილების მოხსნიდან 7 დღის განმავლობაში პრეზიდენტი, საპარლამენტო ფრაქციებთან კონსულტაციების შემდეგ, პრემიერის კანდიდატურას წარადგენს.
თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, საქართველოს პრეზიდენტთან შეთანხმებით, მთავრობა 10 დღის ვადაში უნდა დააკომპლექტოს.
საქართველოს მთავრობას უფლებამოსილება 10 ოქტომბერს შეუჩერდა. ამდენად, პრემიერ-მინისტრობის პოსტზე არჩევნებში გამარჯვებული კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ოფიციალურად დღეს უნდა დასახელდეს.
ივანიშვილმა, მთავრობის შემადგენლობასთან დაკავშირებით, საბოლოო გადაწყვეტილება 27 ოქტომბრამდე უნდა მიიღოს. მან მინისტრთა ახალი კაბინეტის სრული შემადგენლობა უკვე დაასახელა.
