პრეზიდენტი აღიარებს, რომ მისი ხელისუფლება პრობლემების მოგვარებაზე ნაკლებად იყო კონცენტრირებული
პრეზიდენტი აღიარებს, რომ მისი ხელისუფლება პრობლემების მოგვარებაზე ნაკლებად იყო კონცენტრირებული
18:56 16.10.2012
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ მმართველ გუნდს ბოლო წლების განმავლობაში რამდენიმე პრინციპული საკითხი გამორჩა მხედველობიდან.

როგორც სააკაშვილმა დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატობის კანდიდატებთან შეხვედრისას განაცხადა, ხელისუფლება ბევრად მეტს ლაპარაკობდა, ვიდრე ისმენდა ინფორმაციას პრობლემების შესახებ, ასევე უფრო პროგრესზე იყო კონცეტრირებული, ვიდრე პრობლემებზე.

„ძალიან სწრაფი რეფორმები განვახორციელეთ და მთელი მსოფლიო ტაშს უკრავს ამ რეფორმებს. მათ საქართველო რეგიონისთვის სანიმუშო ქვეყნად აქციეს, მაგრამ ამავე დროს, ჩვენ ბევრად ჩქარა ვახორციელებდით რეფორმებს, ვიდრე საზოგადოება მზად იყო, რომ გაყოლოდა მათ“ - განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, სამწუხაროდ, რამდენიმე თაობა განხორციელებული რეფორმების მიღმა აღმოჩნდა.

„არჩევნებზე მთავარი საკითხი იყო, რომ საზოგადოებას რაღაც ახალი მოუნდა და გადაწყვიტა ამ ეტაპზე გაყოლოდა დაპირებებს, მათ შორის ძალიან ზოგადსაც. ჩვენ ერთი წუთითაც არ ვაპირებთ ხელების ჩამოშვებას“ - აღნიშნა პრეზიდენტმა და განაცხადა, რომ „ვარდების რევოლუციის“ ბევრი მონაპოვარი, შესაძლოა, დარტყმის ქვეშ აღმოჩნდეს.

მისი თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ყველა ბერკეტი უნდა გამოიყენოს იმისთვის, რომ სიტუაცია ქვეყნისთვის სასარგებლოდ წარიმართოს და ამისთვის პარტიას ბევრი ბერკეტი აქვს როგორც პარლამენტში, ისე აჭარის უზენაეს საბჭოში.








ბეჭდვა