„სახალხო კრება“ მოითხოვს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ უმაღლესი თანამდებობის პირებს პოლიტიკური საქმიანობა მინიმუმ 10 წლით აეკრძალოთ.
ამის შესახებ „სახალხო კრების“ დარბაზის მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებაშია აღნიშნული.
„სახალხო კრება“ მიიჩნევს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების, იურისტების, ადვოკატებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისგან უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც მოამზადებს რეკომენდაციებს პოლიტიკური და უკანონო პატიმრების და დევნილების საკითხის მოსაგვარებლად.
ამასთან, „სახალხო კრება“ მიმართავს ახლადარჩეულ პარლამენტს და სთხოვს მაქსიმალურად გონივრულ ვადაში შექმნას 2011 წლის 26 მაისის მოვლენების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია.
„სახალხო კრებაში“ მიაჩნიათ, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესის დაწყებას ქვეყნის ნორმალური განვითარებისთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს. ამიტომ, საჭიროა გამოირიცხოს პოლიტიკური რევანში და ანგარიშსწორება, თუმცა, აუცილებლად უნდა დადგეს ყველა იმ პირის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი, რომელთაც ქვეყნის წინაშე დანაშაული აქვთ ჩადენილი.
„ქვეყანაში დაუსჯელობის სინდრომი უნდა აღმოიფხვრას და კანონის უზენაესობის ერა დადგეს“ - აღნიშნულია „სახალხო კრების“ დარბაზის გადაწყვეტილებაში.
გარდა ამისა, „სახალხო კრება“ თხოვნით მიმართავს დარბაზის წევრებს, მხარდამჭერებს და ექსპერტებს, ერთი თვის განმავლობაში წარმოადგინონ მოსაზრებები „სახალხო კრების“ სამომავლო მოქმედების შესახებ, რათა მან ქვეყნის დემოკრატიული გარდაქმნის პროცესს მაქსიმალურად შეუწყოს ხელი.
