„ნაციონალური მოძრაობის“ წევრ დავით დარჩიაშვილს პარტიის მჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ახალ უმრავლესობაში გადასვლა არარეალურად მიაჩნია.
როგორც დარჩიაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკურ ძალას ერთი პარტიის წევრების მეორეში გადასვლა არ უნდა უხაროდეს.
„მსგავსი რამის მოლოდინი ნამდვილად არ მაქვს. როგორც მორალური, ისე პოლიტიკური და პრაგმატული მოლოდინია, რომ პარლამენტში შექმნილი ფრაქციები საპარლამენტო უმცირესობაში დარჩებიან“ - განაცხადა დავით დარჩიაშვილმა.
მისი თქმით, ის ადამიანები, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ იდეას უანგაროდ ემსახურებოდნენ, აღნიშნულ პოლიტიკურ ოჯახში ყოფნას ასევე უანგაროდ გააგრძელებენ.
მისი თქმით, მსგავსი პიროვნებები პარტიაში ძალიან ბევრნი არიან.
„არცერთი პოლიტიკური ოჯახი მედროვეებისგან დაზღვეული არ არის და თუ, ვიღაც მედროვე აღმოჩნდა, ეს მისი პრობლემაა“ - განაცხადა დავით დარჩიაშვილმა.
