„სახალხო კრების“ აღმასრულები საბჭოსა და სათათბირო დარბაზის კონფერენცია ამ წუთებში სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ მიმდინარეობს, სადაც სამოქმედო გეგმებზე მსჯელობენ.
„სახალხო კრების“ ერთ-ერთი ლიდერის, პარტია „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის განმარტებით, კონფერენციის მიზანია „სახალხო კრებამ“ ქვეყანაში ახალი რეალობის გათვალისწინებით სამოქმედო სტრატეგია შეიმუშავოს.
„ეს არის პირველი გაფართოებული შეხვედრა „სახალხო კრების“ დარბაზში. აქ წარმოდგენილი არიან ადამიანები, რომელთაც რეჟიმთან ბრძოლაში უზარმაზარი წვლილი შეიტანეს. ჩვენი მიზანია კიდევ ერთხელ გავაანალიზოთ, ქვეყანაში შექმნილი ახალი რეალობა“- განაცხადა ბურჯანაძემ.
მისივე თქმით, კონფერენციაზე საუბარი შეეხება იმ მექანიზმს, რომელსაც „სახალხო კრება“ „ქართულ ოცნებას“ პოლიტპატიმრების გათავისუფლების კუთხით შესთავაზებს.
„ასევე, ჩვენი სურვილია შეიქმნას 26 მაისის მოვლენების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო საპარლამენტო კომისია“ - აღნიშნა ბურჯანაძემ.
მისივე თქმით, „სახალხო კრება“ მომავალშიც აქტიურად იმუშავებს ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარების ხელშესაწყობად.
„სახალხო კრების“ აღმასრულებელი საბჭოსა და სათათბირო დარბაზის კონფერენციას კრების წევრები, უფლებადამცველები, 26 მაისის მოვლენების შედეგად დაზარალებულები და მიწვეული სტუმრები ესწრებიან.
