ამირან გამყრელიძე ჯანდაცვის მინისტრობაზე უარს აცხადებს
ამირან გამყრელიძე ჯანდაცვის მინისტრობაზე უარს აცხადებს
11:11 16.10.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის მიერ შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატად დასახელებული ამირან გამყრელიძე აღნიშნულ თანამდებობაზე უარს აცხადებს და ბიძინა ივანიშვილის მრჩევლად რჩება.

ამის შესახებ მის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

განცხადებაში გამყრელიძე ივანიშვილს ნდობისთვის მადლობას უხდის და თანამდებობაზე უარის თქმის მიზეზად მისი შვილის პოსტს ასახელებს, რომელიც კერძო სადაზღვევო კომპანიის „ალდაგი ბი სი აის” გენერალური დირექტორია.

„მოგეხსენებათ, ეს სფერო ჩემთვის უცხო არ გახლავთ და ბატონ ბიძინასთან პირველი შეხვედრისას მე ჩემს თავს უფრო მრჩევლის რანგში მოვიაზრებდი როგორც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი და თავს ვიკავებდი თანამდებობაზე დანიშვნისგან ორი მიზეზით - როგორც ძველი მთავრობის ერთ-ერთი სახე და ასაკი. ეს მიზეზები არ იქნა მხედველობაში მიღებული და მე დავთანხმდი შემოთავაზებას მხოლოდ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოების გამო, რამეთუ პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მოსახლეობის ჯანმრთელობა ბატონი ბიძინას მიერ გამოცხადდა პოლიტიკურ პრიორიტეტად. თუმცა, ჩვენ პირველ ეტაპზე ვერ გავითვალისწინეთ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, რომ არსებობდა გარკვეული უხერხულობა და მორალური ინტერესთა კონფლიქტი ჩემს მომავალ პოზიციასა და ჩემი შვილის თანამდებობას შორის, რომელიც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გახლდათ ყველაზე დიდი კერძო სადაზღვევო კომპანიის ”ალდაგი ბი სი აის” გენერალური დირექტორი. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვავ, ეს არ გახლდათ ინტერესთა სამართლებრივი კონფლიქტი, მაგრამ იყო მორალური უხერხულობა. ამის შესახებ დაიწერა პრესაშიც, მას მოჰყვა ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის არასასიამოვნო ინტერპრეტაციები“-აღნიშნულია განცხადებაში.

გამყრელიძე აცხადებს, რომ მისი გადაწყვეტილება ივანიშვილთან შეთანხმებულია.

„მე დავრჩები მის მრჩევლად ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებში, როგორც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი“-აღნიშნავს ჯანდაცვის მინისტრობის ყოფილი კანდიდატი.


ბეჭდვა