ევროკავშირი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს მიესალმება და ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს თანამშრომლობისკენ მოუწოდებს
ევროკავშირი საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს მიესალმება და ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს თანამშრომლობისკენ მოუწოდებს
10:32 16.10.2012
ევროკავშირი მზადაა ასოცირებულ პოლიტიკასა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის საკითხებში საქართველოსთან იგივე პოლიტიკა შეინარჩუნოს.

ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ქეთრინ ეშტონის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც მან ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო მინისტრების შეხვედრის ფარგლებში გააკეთა.

განცხადების თანახმად, ევროკავშირი ასევე, საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს მიესალმება და ქვეყანაში არსებულ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტს თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.

„ევროკავშირი საქართველოში ეფექტური საპარლამენტო ოპოზიციის არსებობის მნიშვნელობას ხაზგასმით აღნიშნავს და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას კიდევ ერთხელ აფიქსირებს“ - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს შესახებ ქეთრინ ეშტონმა სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზეც ისაუბრა.

„საქართველოში ჩატარებული არჩევნების შედეგებს მივესალმები. ეს ქვეყნის ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემაა. პრემიერ-მინისტრს, რომელსაც მე უკვე ვესაუბრე მოუწევს პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად ხალხის კეთილდღეობისთვის იმუშაოს“ - განაცხადა ეშტონმა.

მისი თქმით, საქართველოს მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პერიოდი მშვიდი და კარგად ორგანიზებული იყოს.

ეშტონი ასევე აცხადებს, რომ ევროკავშირი ქვეყნის პოლიტიკურ თანამშრომლობას და ეკონომიკურ ინტეგრაციას მხარს უჭერს.

ბეჭდვა