საქართველოს დელეგაცია დღეს ბრიუსელში გაემგზავრება, სადაც საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის კომიტეტის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას.
დელეგაციის შემადგენლობაში შედიან საგარეო საქმეთა სამინისტროს, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინიტრის აპარატისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. ამასთან, დაგეგმილ კონსულტაციებში მოქმედი მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეობის კანდიდატი დავით ზალკანიანი ჩაერთვება.
როგორც საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ სერგი კაპანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის კომიტეტის სხდომაზე საუბარი ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებსა და რეფორმებს შეეხება.
მისივე თქმით, სხდომაზე განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველო-რუსეთის ურთიერთობები და კონფლიქტის მოგვარების გზები იქნება.
„შეხვედრის მთავარი იდეაა გავააქტიუროთ მუშაობა, რათა შესრულდეს სამოქმედო გეგმა, რომელიც საქართველოს აქვს"-აღნიშნა კაპანაძემ.
დავით ზალკანიანის განცხადებით, კონსულტაციებში მისი ჩართვის მიზანია, მთავრობის გადაბარების პროცესმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ინტეგრაციული პროცესები არ შეაჩეროს.
„მივემგზავრები, რათა სრულყოფილი ინფორმაცია მივიღო ევროკავშირსა და საქართველოს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების თაობაზე"-აღნიშნა ზალკანიანმა.
საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის კომიტეტის სხდომა 19 ოქტომბერსაა დაგეგმილი.
