„კასცი“ მე-3 სამშობიაროს დემონტაჟის შეჩერებას მოითხოვს
„კასცი“ მე-3 სამშობიაროს დემონტაჟის შეჩერებას მოითხოვს
17:23 15.10.2012
არასამთავრობო ორგანიზაცია „კავკასიის აბორტსაწინააღმდეგო ცენტრი“ (კასცი) წმინდა იოკამესა და ანას სახელობის მესამე სამშობიარო სახლის დემონტაჟის პროცესის დაუყოვნებლივ შეჩერებას ითხოვს. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ორგანიზაციის ხელმძღვანელმა მერაბ ხიდაშელმა განაცხადა.

მისი თქმით, მესამე სამშობიარო სახლის ნგრევა უკვე დაწყებულია.

„მუშები 24 საათის განმავლობაში ახორციელებენ დემონტაჟს. ჩვენი ინფორმაციით, სამშრობიაროს ადგილზე სასტუმროს და კომერციული ფართების აშენება იგეგმება“ - განაცხადა ხიდაშელმა.

მისი თქმით, აქამდე შენობა საპატრიარქოს მფლობელობაში იყო, თუმცა, მხოლოდ ფრომალური სახით და მერიას მისი გასხვისება შეეძლო.

„ორი წლის წინ ვინმე მანანა შარაშენიძემ შენობა სიმბოლურ ფასად შეიძინა, შემდეგ კი, მერიასთან გარიგებით, სოლიდურ თანხად გაასხვისა“ - განაცხადა ხიდაშელმა.

„კასცის“ უმთავრესი დანიშნულება უსახლკარო ბავშვების მოვლა-პატრონობაა.

„ამ შენობას, რომელსაც ახლა ანგრევენ, უამრავი უსახლკარო ბავშვი აფარებდა თავს, სადაც მათ სპეციალური კურსები უტარდებოდათ. ეს შენობა გასხვისებამდე ერთადერთი იყო არსებულ სამშობიაროთა შორის, სადაც უმწეოებს უფასოდ შეეძლოთ ემშობიარათ“ - განაცხადა ხიდაშელმა.

მისი თქმით, აუცილებელია აღნიშნულ საქმეში პროკურატურა ჩაერთოს. ამ მიზნით ორაგნიზაცია სარჩელს უახლოეს მომავალში შეიტანს. მათ უკვე მიმართეს იუსტიციის მინისტრობის კანდიდატს თეა წულუკიანს და მისგან შესაბამის გამოხმაურებას ელიან.

ბეჭდვა