გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია „იმედი“ ხალხს უნდა დაუბრუნდეს
გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია „იმედი“ ხალხს უნდა დაუბრუნდეს
16:02 15.10.2012
ექსპერტი გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია „იმედი“ რეალურ მესაკუთრეს უნდა დაუბრუნდეს.

ამის შესახებ მან ტელეკომპანია „მაესტროს“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ კარგი იქნება თუ გარდაცვლილი ბიზნესმენის ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი „იმედის“ დასაბრუნებლად იბრძოლებს.

„იმედს ვიტოვებ, რომ ამ ტელეკომპანიის რეალური მესაკუთრე ახლა მაინც მიაღწევს სამართლიანობას. მართალია ეს დიდი ბიზნესი არ არის, მაგრამ როგორც პატარკაციშვილი აცხადებდა, „იმედი“ ხალხის ტელევიზიაა და ამიტომ, ის ხალხს უნდა დაუბრუნდეს“ - განაცხადა ხუხაშვილმა.

ექსპერტმა სხვა ტელეკომპანიებში არსებულ ვითარებაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ე.წ. სამთავრობო ტელეარხები ხელისუფლების წნეხის ქვეშ იყვნენ, ხოლო ის ჟურნალისტები, რომლებიც „ამ პროპაგანდისტულ ვაკხანალიაში მონაწილეობდნენ“, თვითონ არიან რეჟიმის მსხვერპლი.

ხუხაშვილმა ჟურნალისტების მისამართით განაცხადა, რომ მათ შესაძლებლობა ეძლევათ გათავისუფლდნენ პოლიტიკური წნეხისგან, გაასაჯაროონ ტელეკომპანიების შიგნით არსებული პრობლემები და იბრძოლონ ჟურნალისტური თავისუფლებისთვის.

„იბრძოლეთ საკუთარი ჟურნალისტური დამოუკიდებლობისთვის. ემსახურეთ მხოლოდ სიმართლეს, აკრიტიკეთ ხელისუფლება და თქვენი მესაკუთრეები, რომლებიც გაიძულებენ ილაპარაკოთ ამა თუ იმ პიროვნებაზე. ნუ აჰყვებით ყვითელ პროპაგანდას და აღიდგინეთ ღირსება“ - განაცხადა ხუხაშვილმა.

მან განმარტება გააკეთა ტელეკომპანია „მეცხრე არხთან“ დაკავშირებით გავრცელებული ფარული აუდიმოსალის შესახებ, რომლის მიხედვით, ხუხაშვილი ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკას აკრიტიკებს.

ექსპერტის განცხადებით, გავრცელებულ აუდიომასალაში კონტექსტი შეცვლილი იყო, ასეთი მიდგომა პოლიტიკას ახასიათებს, თუმცა, „მეცხრე არხის“ საქმიანობასთან დაკავშირებით მას საკუთარი მოსაზრება მართლაც გააჩნია.

„ეს შესაძლოა იყო ჩემი აზრი. შესაძლოა, რაღაც არ მომწონს, რადგან მე ადამიანი ვარ და არა რობოტი“ - განაცხადა ექსპერტმა და დასძინა, რომ მიუხედავად ამისა, „მეცხრე არხის“ სარედაქციო პოლიტიკაში არავინ ჩარეულა.

ბეჭდვა