ბარამიძე - საქართველო პოსტსაბჭოთა ქვეყნიდან დემოკრატიულ ქვეყანად 2 ოქტომბერს გარდაიქმნა
ბარამიძე - საქართველო პოსტსაბჭოთა ქვეყნიდან დემოკრატიულ ქვეყანად 2 ოქტომბერს გარდაიქმნა
15:52 15.10.2012
პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატობის კანდიდატი გიორგი ბარამიძე მიიჩნევს, რომ 2ოქტომბერს, როდესაც პრეზიდენტმა საკუთარი პარტიის არჩევნებში დამარცხება აღიარა,   საქართველო პოსტსაბჭოთა ქვეყნიდან დემოკრატიულ ქვეყანად გარდაიქმნა.

როგორც ბარამიძემ დღეს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ მიმდინარე პრესკონფერენციაზე განაცხადა, პრეზიდენტმა არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოცხადებამდე გაცილებით ადრე გამოაცხადა არჩევნებში დამარცხება, რაც იმის მაჩვენებლია, რომ საქართველო საბოლოოდ გამოვიდა პოსტსაბჭოთა სივრციდან.

მან იმედი გამოთქვა, რომ ის ემოცია, რომელიც საარჩევნო კამპანიისას დაგროვდა, სწრაფად გაივლის.

ბარამიძე მიიჩნევს, რომ კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ვერ მოახერხა გამოსულიყო საარჩევნო რიტორიკიდან და ემოციებიდან, როდესაც მან საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განცხადებაში ის გვარით მოიხსენია, რაც მსოფლიოში კარგ ტონად არ ითვლება.

„ჩვენ დიდი სკეპტიციზმი გვაქვს იმასთან დაკავშირებით, თუ რის გაკეთებას შეძლებს ახალი მთავრობა. თუმცა, არ ვაპირებთ პერსონების კრიტიკას და არც მათ საქმიანობაში ხელის შეშლას“ - განაცხადა ბარამიძემ და აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ როგორც ოპოზიციის დაპირისპირება ხელისუფლებასთან კანონის ჩარჩოში, პარლამენტის შიგნით, დემოკრატიული მექანიზმების გამოყენებით მოხდება.

ბეჭდვა