გია ხუხაშვილი - ვეცდები ახალი ხელისუფლების ობიექტური კრიტიკოსი ვიყო
გია ხუხაშვილი - ვეცდები ახალი ხელისუფლების ობიექტური კრიტიკოსი ვიყო
15:26 15.10.2012
ექსპერტი გია ხუხაშვილი დაპირებისამებრ სამოქალაქო სექტორს დაუბრუნდა და განაცხადა, რომ კოალიცია „ქართული ოცნების“ ქმედებების მიმართ კრიტიკული იქნება.

როგორც ხუხაშვილმა ტელეკომპანია „მაესტროს“ პრესკლუბში განაცხადა, მიუხედავად კოალიციაში ყოფილ თანამებძოლებთან მეგობრობისა, ის მათ გაკრიტიკებას არ მოერიდება, რადგან მიაჩნია, რომ ობიექტური კრიტიკა ყველა ხელისუფლებისთვის აუცილებელი და საჭიროა.

„ადვილი არ იქნება გავხდე ჩემი მეგობრების კრიტიკოსი, მაგრამ ვფიქრობ, რომ შევძლებ ამ კომპლექსის გადალახვას. ყოველთვის ჩავთვლი, რომ ეს კრიტიკა ისევ ჩემი მეგობრების სასარგებლოდ იქნება მიმართული“ - განაცხადა ხუხაშვილმა და ხაზი გაუსვა, რომ სინამდვილეს არ შეესაბამება მოსაზრებები იმის თაობაზე, თითქოს, მან „ქართული ოცნება“ შიდა უთანხმოების გამო დატოვა.

ექსპერტის განმარტებით, მან დაახლოებით ერთი წლის წინ, სამოქალაქო სექტორიდან პოლიტიკაში გადასვლისას განაცხადა, რომ პროცესების დასრულების შემდეგ, ისევ არასამთავრობო სექტორს დაუბრუნდებოდა.

აქედან გამომდინარე, მისი თქმით, კოალიციის ლიდერის მხრიდან არც რაიმე თანამდებობის შეთავაზებას ჰქონდა ადგილი, რადგან ეს თემა დახურული იყო.

„მაშინ ჩავთვალე, რომ იწყებოდა ძალიან მძიმე პროცესი, რომელშიც მონაწილეობის არმიღების უფლება არ მქონდა. როდესაც ყველაფერი დამთავრდა, ჩემს კოლეგებს ვუთხარი, რომ ერთადერთი ადამიანი, რომელიც თავიდან ბოლომდე ჩართული იყო პოლიტიკურ პროცესში და თავისუფალი დარჩა - მე ვარ. მიმაჩნია, რომ ეს არის ჩემი პრივილეგია, რომ საშუალება მომეცა ჩემს საყვარელ საქმიანობას დავუბრუდე“ - აღნიშნა ექსპერტმა.

ხუხაშვილის თქმით, პოლიტიკაში ყოფნის პერიოდში მან ბევრ ადამიანს აწყენინა, რაც იმით ახსნა, რომ პოლიტიკა არის საქმიანობაა, რომელიც სიმკაცრეს მოითხოვს. მან დღეს ამისთვის ბოდიში მოიხადა.

ბეჭდვა