სანდრო ბრეგაძე მიიჩნევს, რომ გუბერნატორის ინსტიტუტი უნდა გაუქმდეს
სანდრო ბრეგაძე მიიჩნევს, რომ გუბერნატორის ინსტიტუტი უნდა გაუქმდეს
14:53 15.10.2012
მოძრაობა „ეროვნულების“ ხელმძღვანელი სანდრო ბრეგაძე გურბერნატორის ინსტიტუტების გაუქმების ინიციატივით გამოდის.

როგორც მან დღევანდელ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან რეგიონებში საბოტაჟი იგეგმება.

მისი თქმით, დადასტურებული ინფორმაცია აქვს იმასთან დაკავშირებით, რომ ქალაქების მერებს, სოფლისა და რაიონის გამგებლებს, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ახალი მთავრობის ყველა ინიციატივისთვის მაქსიმალურ ხელის შეშლას ავალებენ.

ბრეგაძის განცხადებით, „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები გამგებლებს ეუბნებიან, რომ საბოტაჟმა რამდენიმე თვეში რევანში და ხელისუფლების ხელახლა გადაბარება უნდა გამოიწვიოს.

„ეს იგეგმება იმისთვის, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ბიძინა ივანიშვილს რეგიონებში სხვადასხვა ინიციატივების განხორციელებაში ხელი შეუშალონ. ანალოგიურ ჭორებს ავრცელებენ საყოველთაოდ ცნობილი ძმები ახალაიები სამეგრელოში. ხალხს ეუბნებიან, რომ დაბრუნდებიან და არავითარ შემთხვევაში ახალი ხელისუფლების სამსახურში არ ჩადგნენ“ - განაცხადა ბერგაძემ.

მისივე თქმით, გამგებლები და მერები რაიონებში თავის დროზე გაყალბების გზით აირჩიეს.

„გვაქვს ათასი წინადადება, რომლის რეალიზებაც სავარაუდოდ მოხდება. აუცილებელია გაუქმდეს გუბერნატორის ინსტიტუტი, ის პრეზიდენტის რწმუნებულის ინსტიტუტია, რომელსაც ხელისუფლებისგან უფლებამოსილება არაკონსტიტუციურად ჰქონდა მინიჭებული“ - აღნიშნა სანდრო ბრეგაძემ და დასძინა, რომ პრეზიდენტის რწმუნებულს რეგიონის ბიუჯეტში ჩარევის უფლება არ უნდა ჰქონდეს.

მისი თქმით, გუბერნატორის უნსტიტუტის გაუქმება გარანტი იქნება იმისა, რომ საბოტაჟის მომწყობი პიროვნებები მზაკვრული გეგმების განხორციელებას ვერ მოახერხებენ. ამასთან, ბრეგაძე მიიჩნევს, რომ რეგიონებში საქართველოს მთავრობის რწმუნებულის სტატუსი უნდა შემოვიდეს, რომელიც „ნაცმოძრაობის წარმომადგენლებს ჩაფიქრებული საბოტაჟის მოწყობაში ხელს შეუშლის.

„მხარის გუბერნატორებს უფლებამოსილება უნდა შეუწყდეთ და რეგიონის მართვა რეალურად მთავრობის რწმუნებულმა უნდა დაიწყონ“ - განაცხადა სანდრო ბრეგაძემ და დასძინა, რომ დასახვეწია ის კანონმდებლობაც, რომელიც გუბერნატორების, მერების და გამგებლების პირადპირი წესით არჩევას უზრუნველყოფს.

მოძრაობა „ეროვნულები“ საზოგადოებრივ მოძრაობა „ქართულ ოცნებაში“ შედის.

ბეჭდვა