უსუფაშვილი- „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წამებული დემოკრატის მანტია ვერ უნდა მოისხას
უსუფაშვილი- „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წამებული დემოკრატის მანტია ვერ უნდა მოისხას
14:34 15.10.2012

ახალი ხელისუფლება მორალისტი ინკვიზიტორის მანტიის მოსხმის საფრთხის წინაშე დგას. ამის შესახებ დღეს „ქორთიად მარიოტში“ პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა.


მისი თქმით, წინა ხელისუფლების პირობებში მოხდა ბევრი ძალადობა, უსამართლობა, მოპარულია დიდი ოდენობით ქონება, რის გამოც, ხელისუფლებაში მოსული პოლიტიკური ძალა დგას რევანშის სურვილის გაჩენის საფრთხის წინაშე, რაც, მისივე თქმით, დაუშვებელია.

„ჩვენ ხალხს პროკურორებად არ ავურჩევივართ, თუმცა, ამავე დროს გამოსაკვლევია ძალიან ბევრი საკითხი და ეს პროცესი კანონის და სამართლის ფარგლებში უნდა წარიმართოს“ - განაცხადა უსუფაშვილმა და აღნიშნა, რომ ჩადენილ კანონდარღვევებთან დაკავშირებით, ფურცლის მარტივად გადაშლა ვერ მოხდება.

ამასთან, უსუფაშვილის თქმით, დაუშვებელია, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წამებული დემოკრატის მანტია მოისხას.

„პოლიტიკური პროცესი უკიდურესად მძიმედ მიმდინარეობდა და ის, რომ ხელისუფლებამ 2 ოქტომბერს გააცნობიერა ხალხის გამარჯვება, არ ნიშნავს იმას, რომ მან რაიმე ტესტი ჩააბარა“ - განაცხადა პარლამენტის სპიკერობის კანდიდატმა.

მისი თქმით, ტესტი ბოლომდე ჯერჯერობით ჩაბარებული არ არის და საქართველო თამამად ვერ უსწორებს თვალს თავის პარტნიორებს ნატო-სა და ევროკავშირში.

 

ბეჭდვა