საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური ძალა ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში
ჯეიმს აპატურაის შეხვდება, რომელიც საქართველოს მიმდინარე კვირას ეწვევა. ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა დავით უსუფაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, ორიოდე დღის წინ, ნატო-ს გენერალურ მდივანსა და კოალიციის ლიდერს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, სადაც ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის კონკრეტული საკითხები განიხლეს და ჯეიმს აპატურაის საქართველოში ვიზიტის დეტალებზე ისაუბრეს.
„არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, ჩვენ ვთვლით, რომ ყველა პირობაა ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის დასაჩქარებლად და რიტორიკიდან კონკრეტულ საქმეებზე გადასასვლელად“ - განაცხადა უსუფაშვილმა.
მისი თქმით, ჯეიმს აპატურაისთან შეხვედრები გაიმართება, ასევე, ჩატარდება ყველა დაგეგმილი ღონისძიება, რაც ალიანსში ინტეგრაციის პროცესს უკავშირდება.
