დიმიტროვი - ევროკავშირის საქართველოსადმი მხარდაჭერა შენარჩუნდება
დიმიტროვი - ევროკავშირის საქართველოსადმი მხარდაჭერა შენარჩუნდება
13:05 15.10.2012
ევროკავშირის მოთხოვნები საქართველოსადმი კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესაძლებლობა აქვს. ამის შესახებ დღეს სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ მიმდინარე კონფერენციაზე - „საპარლამენტო არჩევნების შემდგომი პოლიტიკური პროცესები და სამომავლო პრესპექტივები“, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ფილიპ დიმიტროვმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირი აშკარა სიგნალს აგზავნის იმის შესახებ, რომ თუ საქართველო კვლავ გააგრძლებს დემოკრატიული მიმართულებით განვითარებას, ეს მისთვის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე პროგრესად ჩაითვლება.

როგორც დიმიტროვმა აღნიშნა, თითქმის ჩამოყალიბებულია ამ მიმართულებით 2014-2020 წლების პერიოდისთვის საქართველოს სამოქმედო გეგმა.

„ევროკავშირის დამოკიდებულება საქართველოსადმი იყო, არის და იქნება ძალიან სერიოზული და ჩვენც საქართველოს მხრიდან მუდმივ ურთიერთობებს ველით“ - განაცხადა დიმიტროვმა და აღნიშნა, რომ ევროკავშირის ყოველწლიური დახმარება შენარჩუნდება, რაც წელიწადში 670 მლნ ევროა.

ამ თანხის ნაწილი უშუალოდ ბიუჯეტის მხარდასაჭერად წარიმართება, ხოლო ნაწილი - კონკრეტულ პროექტებზე.

რაც შეეხება ევროკავშირთან თანამშრომლობის კონკრეტულ სფეროებს, როგორც ელჩმა განაცხადა, ეს კვლავაც იქნება სასამართლო სისტემის ეფექტურობის გაზრდა და გაძლიერება, ციხის რეფორმა, სოფლის მეურნეობისა და რეგიონული განვითარება.

რაც შეეხება კონფლიქტების მოგვარების პერსპექტივებს, დიმიტროვის თქმით, ევროკავშირი დაელოდება ახალი ხელისუფლების ხედვას და თუ ეს მისწრაფებები ევროკავშირის მოლოდინის შესაბამისი იქნება, ელჩი დარწმუნებულია, რომ ამ მიმართულებით პროდუქტიული სამუშაო ჩატარდება.

ბეჭდვა