საქართველოს ბედმა გაუღიმა, რადგან ორი პატრიოტი ლიდერი ჰყავს - ამის შესახებ დღეს აშშ-ს ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა სასტუმრო
„ქორთიარდ მარიოტში“ მიმდინარე კონფერენციაზე განაცხადა, სადაც საქართველოსადმი საერთაშორისო მხარდაჭერასა და პრიორიტეტებზე ისაუბრა.
მისი თქმით, 2012 წლის ოქტომბერი საქართველოს ისტორიაში დრამატული და მშვიდობიანი გარდაქმნების მომენტად აღიქმება.
როგორც ელჩმა აღნიშნა, პრეზიდენტმა სააკაშვილმა სამოქალაქო და სახელმწიფო მოღვაწის სიბრძნე აჩვენა. დიპლომატი დარწმუნებულია, რომ ხელისუფლების გადაცემის პროცესი პროფესიონალურად გაგრძელდება.
„საქართველოს ბედმა გაუღიმა, იმიტომ, რომ ასეთი პატრიოტი ორი ლიდერი ჰყავს, რომლებიც მზად არიან განსხვავებულ ხედვას გადააბიჯონ და საქართველოს ინტერესებისთვის იმოქმედონ“-განაცხადა ნორლანდმა.
მან სამოქალაქო საზოგადოებას მოუწოდა, დარჩეს ნეიტრალური და დამოუკიდებელი. ნორლანდის თქმით, სამოქალაქო საზოგადოებამ მიმდინარე პროცესებში გადამწყვეტი როლი ითამაშა, არასამთავრობო სექტორის ადვოკატირებითა და მხარდაჭერით მედია უფრო ხელმისაწვდომი იყო.
„სამოქალაქო სექტორი არ არის მხოლოდ საპირწონე ან ბალანსი, არამედ პოზიტიური ურთიერთობებისთვის გადამწყევტი პარტნიორია“-განაცხადა ნორლანდმა.
მან მოუწოდა მთავრობას იყოს ღია სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობაში და დარღვევების თავიდან ასაცილებლად საკონსულტაციო გარემო შექმნას.
„დარწმუნებული ვართ, რომ საქართველო კარგ ხელშია“-განაცხადა აშშ-ს ელჩმა.
