ევროკავშირთან დაგეგმილ მოლაპარაკებებში მოქმედი მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, "ქართული ოცნების" წარმომადგენელი, საგარეო საქმეთა
მინისტრის მოადგილეობის კანდიდატი დავით ზალკანიანი ჩაერთვება.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგი კაპანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის კომიტეტის სხდომაზე საუბარი საქართველოში მიმდინარე პროცესებს და რეფორმებს შეეხება. მისივე თქმით, განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ასევე საქართველო-რუსეთის ურთიერთობები და კონფლიქტის მოგვარების გზები იქნება.
"ამ შეხვედრის მთავარი იდეაა გავააქტიუროთ მუშაობა, რათა შესრულდეს სამოქმედო გეგმა, რომელიც საქართველოს აქვს"-აღნიშნა კაპანაძემ.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეობის კანდიდატი დავით ზალკანიანი კი აცხადებს, რომ კონსულტაციებში მისი ჩართვის მიზანია, მთავრობის გადაბარების პროცესმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ინტეგრაციული პროცესები არ შეაჩეროს.
"მივემგზავრები, რათა მივიღო სრულყოფილი ინფორმაცია ევროკავშირსა და საქართველოს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების თაობაზე"-აღნიშნა ზალკანიანმა.
მოლაპარაკებებში საგარეო საქმეთა სამინისტროს, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინიტრის აპარატისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ჩაერთვებიან. საქართველოს დელეგაცია ბრიუსელში ხვალ გაემგზავრება.
საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის კომიტეტის სხდომა 19 ოქტომბერსაა დაგეგმილი.
