თბილისში 18 ოქტომბერს ჯეიმს აპატურაი ჩამოვა
თბილისში 18 ოქტომბერს ჯეიმს აპატურაი ჩამოვა
11:45 15.10.2012
ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ჯეიმს აპატურაი, ასევე ნატო-ს შემფასებელთა ჯგუფი, 18 ოქტომბერს თბილისს ეწვევა.

წინასწარი ინფორმაციით, აპატურაი ქვეყნის პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ბიძინა ივანიშვილს, უშიშროების საბჭოს მდივანს გიგა ბოკერიას, ასევე, თავდაცვის მინისტრობის კანდიდატს ირაკლი ალასანიას შეხვდება.

როგორც საქართველოს წარმომადგენელმა ნატო-ში გრიგოლ მგალობლიშვილმა განაცხადა, ვიზიტის მიზანი იმ პროგრესის შეფასებაა, რომელიც საქართველომ განვლილი წლების განმავლობაში აჩვენა.

მისივე თქმით, მიმდინარე შემოდგომა ალიანსისთვის საკმაოდ დატვირთული იქნება. როგორც მგალობლიშვილმა განმარტა, ნოემბერში პრაღაში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა იმართება, სადაც ალიანსის ასპირანტი ქვეყნების ლიდერები არიან მიწვეულნი.

ნოემბრის ბოლოს კი, საქართველოში ნატო-ს სამხედრო მაღალჩინოსნების ვიზიტიცაა დაგეგმილი.

მგალობლიშვილის თქმით, აპატურაის ვიზიტი საქართველოში არჩევნებამდეც იყო დაგეგმილი, თუმცა, არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების შემდეგ ქვეყნისადმი ალიანსის ინტერესი უფრო გამძაფრდა.

ბეჭდვა