ყოფილი და ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები სამომავლო ამოცანებს ერთობლივად განიხილავენ
ყოფილი და ახალი ხელისუფლების წარმომადგენლები სამომავლო ამოცანებს ერთობლივად განიხილავენ
10:57 15.10.2012
სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ კონფერენცია - „საპარლამენტო არჩევნების შემდგომი პოლიტიკური პროცესები და სამომავლო პერსპექტივები“ მიმდინარეობს, რომელშიც კოალიცია „ქართული ოცნებისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი მონაწილეობს.

როგორც შეხვედრაზე პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა, კოალიცია „ქართულ ოცნება“ პარალამენტში საქმიანობის დაწყებისთანავე შეუდგება თავისი საარჩევნო პროგრამის განხორციელებას, რისი ერთ-ერთი ქვაკუთხედი მისი თქმით, დემოკრატიული განვითარება და ავტორიტარიზმის, ასევე მედიის, ბიზნესის, სასამართლოს კონტროლის დასრულებაა.

უსუფაშვილი არ გამორიცხავს, რომ დღევანდელი ოპოზიციური ძალისთვის შესაძლოა, ბევრი მტკივნეული გადაწყვეტილება იქნეს მიღებული, „რადგან მას დემოკრატია სხვაგვარად წარმოუდგენია“.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიორგი ბარამიძის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია არასამათავრობო სექტორთან ერთად მსგავსი შეხვედრის გამართვა, რადგან „ნაციონალური მოძრაობა“ აპირებს აქტიური და კონსტრუქციული ოპოზიცია იყოს.

„ვიქნებით ძალიან პრინციპულები ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებში და ასევე მხარში დავუდგებით ხელისფლებას კარგ საქმეებში“- განაცხადა ბარამიძემ.

ის მიიჩნევს, რომ ყოფილი ხელისუფლების მიერ დაწესებული რეფორმებისა და დემოკრატიული განვითარების გზა უნდა შენარჩუნდეს.

შეხვედრის გახსნისას ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა საქართველოში ფილიპ დიმიტროვმა განაცხდა, რომ საქართველომ არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების სახით გამოცდა ჩააბარა.

კონფერენცია ორგანიზებულია „საქართველოს ეროვნული პლატფორმის“ მიერ, რომელიც 106 არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს. მასზე საპარლამენტო ძალებს შორის სამომავლო ურთიერთობები და უახლოესი მომავლის პოლიტიკური დღის წესრიგის პრიორიტეტული ამოცანები განიხილება.

ბეჭდვა