საქართველოს საზღვარი უვიზოდ რუსეთის 2 500 მოქალაქემ გადმოკვეთა
საქართველოს საზღვარი უვიზოდ რუსეთის 2 500 მოქალაქემ გადმოკვეთა
13:38 06.03.2012
საქართველოს საზღვარი 29 თებერვლის შემდეგ, რუსეთის 2 500-მდე მოქალაქემ უვიზოდ გადმოკვეთა. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.
"პრეზიდენტის გადაწყვეტილების გამოცხადებიდან რამდენიმე საათში ეს ინიციატივა უკვე ამოქმედდა. 29 თებერვლიდან მოყოლებული დღევანდელი მონაცემებით, რუსეთის 2500-მდე მოქალაქემ საქართველოს საზღვარი უვიზოდ გადმოლახა,"- განაცხადა მანჯგალაძემ.
მისივე განმარტებით, რუსეთის ფედერაციის პასუხი საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე არაადეკვატური აღმოჩნდა.
"დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა ორ ქვეყანას შორის მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შემდეგ იქნება შესაძლებელი,"- განაცხადა მანჯგალაძემ.
რუსეთთან სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმების ინიციატივით პრეზიდენტი 28 თებერვალს გამოვიდა.

ბეჭდვა