პარტია „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ გენერალური მდივანი ვახტანგ ყოლბაია მიიჩნევს,
რომ ჟენევის მოლაპარაკებთან დაკავშირებით, საჭიროა უფრო გაბედული და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა.
როგორც ყოლბაიამ „ნიუსპრესს“ განუცხდა, მიმდინარე მოლაპარაკებები უშედეგო გამოდგა, თუმცა, იგი ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გაგრძელდეს.
მისი თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ აღნიშნულმა მოლაპარაკებებმა უფრო დინამიური, ქმედითი და შედეგიანი ფორმა მიიღოს.
„თუ ჩვენ იმავე გზით ვიარეთ, რა გზითაც წინა ხელისუფლება მიდიოდა, არამხოლოდ მოლაპარაკებების, არამედ საერთოდ კონფლიქტების მოგვარების პროცესში ღრმა ჩიხში ვიქნებით და შესაძლოა, ბევრი რა დავაგვიანოთ, თუ უკვე დაგვიანებული არ არის. ამიტომ, საჭიროა გაბედული ნაბიჯების გადადგმა, რათა პროცესს დინამიკა მივცეთ“ - განუცხადა „ნიუსპრესს“ ყოლბაიამ.
ყოლბაიამ ჟენევის მოლაპარაკებებში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მონაწილეობაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე სიტუაციის ზუსტი გაანალიზებაა საჭირო. სწორედ ამის შემდეგ უნდა გადაწყდეს, თუ რა მიმართულებით უნდა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები.
შვეიცარიაში ჟენევის მოლაპარაკებების 21-ე რაუნდი 10-11 ოქტომბერს გაიმართა. საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ მოლაპარაკებების 21-ე რაუნდზე მხარეებმა ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტზე დაიწყეს მუშაობა.
ქართული დელეგაციის წარმომადგენელთა განმარტებით, დოკუმენტი იმის გარანტია, რომ რუსეთის ფედერაციამ სამომავლოდ ძალის არ გამოყენებასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა აიღოს.
ევროკავშირის, ეუთოსა და გაეროს წარმომადგენლების თანათავმჯდომარეობით მიმდინარე ჟენევის მოლაპარაკებების 21-ე რაუნდს ქართული მხარიდან სერგი კაპანაძე, გიგა ბოკერია, ასევე ,,ქართული ოცნების” წარმომადგენლები - კონფლიქტოლოგი გია ვოლსკი და რეინტეგრაციის მინისტრობის კანდიდატი პაატა ზაქარეიშვილი ესწრებოდნენ.
რუსეთის დელეგაციას კი ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი ხელმძღვანელობდა.
მოლაპარაკებებში ოკუპირებული აფხაზეთის, ე.წ. სამხრეთ ოსეთის, საქართველოს, რუსეთის, აშშ, გაეროს, ეუთოსა და ევროკავშირის დელეგაციები მონაწილეობდნენ.
ჟენევის მოლაპარაკებების შემდგომი, 22-ე რაუნდი დეკემბერშია დაგეგმილი.
