დღეს საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარული სისტემით არჩევნების განმეორებითი კენჭისყრა მიმდინარეობს.
კენჭისყრის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება ცენტრალური საარჩევნო კომისიის 10 ოქტომბრის სხდომაზე მიიღეს, რისი მიზეზიც 1 ოქტომბრის არჩევნების დღეს, აღნიშნულ უბნებზე სხვადასხვა სახის დარღვევების დაფიქსირება გახდა.
განმეორებითი არჩევნები №13 სიღნაღის საარჩევნო ოლქის - №5 საარჩევნო უბანზე, №32 გორის საარჩევნო ოლქის - №4 საარჩევნო უბანზე, №35 ხაშურის საარჩევნო ოლქის - №1, № 2, №3, №8, №9, №10, №13, №45, №46 უბნებზე მიმდინარეობს.
ამასთან, ხაშურში არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურის მოხსნის შესახებ განცხადება გააკეთა პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ბაჩო ქიტიაშვილმა, თუმცა, ხაშურში ხმის მიცემის პროცედურა მაინც მიმდინარეობს, ვინაიდან, ცესკო-ს განმარტებით, კანდიდატურის მოხსნის ვადები უკვე ამოწურულია. შესაბამისად, საარჩევნო ბიულეტენში ქიტიაშვილის გვარი მაინც ფიქსირდება.
როგორც ქიტიაშვილმა განაცხადა, კანდიდატურა მან ხაშურში „ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის ვალერი გელაშვილისა და მისი მხარდამჭერების მხრიდან ზეწოლის გამო მოხსნა.
