საქართველოს მმართლმადიდებელი ეკლესია დღეს მცხეთობას - სვეტიცხოვლობას აღნიშნავს.
„კვართისა საუფლოჲსა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისა"-ს დღესასწაულთან დაკავშირებით ტაძრებში ღვთისმსახურება სრულდება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე კი, სადღესასწაულო ლოცვას სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში აღავლენს.
დღესვე, წმინდა მოციქულთა სწორის მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას (IV); წმინდა სიდონიასა და აბიათარის (+IV) ხსენებაცაა.
გადმოცემის მიხედვით, უფლის ჯვარცმის შემდეგ მისი კვართი წილად მცხეთაში მცხოვრებ ებრაელებს - ელიოზსა და ლონგინოზს ერგოთ, რომლებმაც სიწმინდე მცხეთაში ჩააბრძანეს. ელიოზის დამ სიდონიამ კი, უფლის კვართი გულში ჩაიკრა და სული იქვე განუტევა. იგი სიწმინდესთან ერთად დაკრძალეს, მის საფლავზე კი - კვიპაროსის ხე ამოვიდა.
წმინდა მეფის მირიანის და დედოფალ ნანას მეფობის ჟამს, მე-4 საუკუნეში კვიპაროსის ადგილზე ტაძრის მშენებლობა გადაწყდა. კვიპაროსის ხისგან დამზადებული ერთ-ერთი სვეტი მშენებლებს არ ემორჩილებოდა. წმინდა მოციქულთა სწორ ნინოს ლოცვებით სვეტი გაბრწყინდა და ჰაერში 12 წყრთის სიმაღლეზე გაჩერდა. ნათლის სვეტი სასწაულებს ახდენდა.
ხის ეკლესიის დანგრევის შემდეგ, V საუკუნის მე-2 ნახევარში, მეფე ვახტანგ გორგასალმა ბაზილიკის ტიპის ტაძარი ააგო. XI სუკუნეში კი, დაზიანებული ბაზილიკის ადგილზე ქართლის კათოლიკოსმა მელქისედეკმა ახალი ტაძარი - სვეტიცხოველი აღმართა, რომლის ხუროთმოძღვარი არსუკიძე იყო.
