საპარლამენტო არჩევნებზე გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ სასამართლოში უკვე ხუთი სარჩელი წარადგინა.
არჩევნების დღესა და მის შემდგომ პერიოდში საარჩევნო ადმინისტრაციებსა და სასამართლოში წარმოებული დავების თაობაზე ორგანიზაციამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
„სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელის, ნინო ლომჯარიას თქმით ორგანიზაციის დამკვირვებლებმა საუბნო საარჩევნო კომისიებში 66 საჩივარი წარადგინეს, ხოლო საოლქო კომისიებში 58 საჩივარი იყო შეტანილი. „სამართლიანმა არჩევნებმა“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში 1 საჩივარი წარადგინა, რომელიც კიევის საარჩევნო უბნის შედეგების ბათილად ცნობას და კომისიის წევრთა დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას ეხებოდა. საჩივარი მხოლოდ პირველ ნაწილში დაკმაყოფილდა.
ლომჯარიას განმარტებით, საუბნო კომისიებში წარდგენილი სარჩელები კენჭისყრის დღის დარღვევებთან იყო დაკავშირებული და დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვის მცდელობას, მარკირებასთან დაკავშირებულ დარღვევებს, არაუფლებამოსილი პირების საარჩევნო უბანზე ყოფნას და სხვა საკითხებს ეხებოდა.
საოლქო საარჩევნო კომისიებში წარდგენილი საჩივრებში დაყენებული იყო საარჩევნო კომისიის წევრთა დისციპლინური პასუხისმგებლობის 35 მოთხოვნა, საარჩევნო კომისიის წევრთა მიმართ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების 9 მოთხოვნა, შემაჯამებელი ოქმის ბათილობისა და უბნის შედეგების გადათვლის, ასევე უბნის შედეგების ბათილობის 9 მოთხოვნა. მათგან მხოლოდ ნაწილი დაკმაყოფილდა.
რაც შეეხება სასამართლოში წარდგენილ სარჩელებს, ლომჯარიას თქმით, 1 მათგანი მარნეულის საარჩევნო ოლქში არჩევნების შედეგების გადათვლას ეხება, 1 - გორის #111 სპეციალური საარჩევნო უბნის მაჟორიტარული არჩევნების შედეგების ბათილობას, ხოლო 3 შემთხვევაში ორგანიზაცია კომისიის წევრთა მიმართ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას ითხოვს.
„სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ორგანიზაცია კანონმებლობით დადგენილ ვადებში სასამართლოში სარჩელების წარდგენას განაგრძობს.
