ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე - კაკაბაძე, ჩხარტიშვილი, ჯიშკარიანი, რთველიაშვილი და დალაქიშვილი საქართველოს წინააღმდეგ - გადაწყვეტილება გამოიტანა და დადგინა,
რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე იყო გულგრილი დემონსტრანტებისთვის პატიმრობის შეფარდების დროს.
2 ოქტომბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხე სახელმწიფომ განმცხადებლების მიმართ დაარღვია კონვენციის შემდეგი მუხლები - თავისუფლების უკანონო აღკვეთა, სამართლიანი სასამართლოს უფლება, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება და გასაჩივრების უფლება სისხლის სამართლის საქმეებზე.
განმცხადებლების ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტა ასოციაცია (საია) და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრი (EHRAC) წარმოადგენდა.
„განმცხადებლების დაკავება მოხდა უკანონოდ, შეკრების თავისუფლებაში უკანონო ჩარევით, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლომ ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გამოკვლევის გარეშე ხუთივე განმცხადებელს 30 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, რაც სასამართლოს აზრით, აშკარად გადამეტებული სასჯელი იყო“ - აღნიშნავს საია.
გარდა ამისა, ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ განმცხადებლების დაკავება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ეზოში დემონსტრაციის მოწყობის გამო და მათი 30 დღიანი პატიმრობა თვითნებურად, სახელმწიფოს ხელისუფლების ორგანოების მიერ უფლებამოსილების არაჯეროვნი შესრულებით განხორციელდა.
ევროპულმა სასამართლომ თითოეულ განმცხადებელს მიაკუთვნა კომპენსაცია 6 000 ევროს ოდენობით მორალური ზიანისათვის. ასევე, სახელმწიფოს დააკისრა საქმეზე გაწეული სამართლებრივი და სხვა ადმინისტრაციული ხარჯებისათვის 5 957 ევროს გადახდა.
