ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ქვეყანაში მომხდარ დანაშაულებთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტმა შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელთან ეკატერინე ზღულაძესა და
ქვეყნის მთავარ პროკურორთან მურთაზ ზოდელავასთან თათბირი გამართა - ამის შესახებ აღნიშნულია პრეზიდენტის გვერდზე Facebook-ში.
მიხეილ სააკაშვილმა შეშფოთება გამოთქვა და აღნიშნა, რომ მსგავსი განუკითხაობა ქვეყანაში 2008 წლის ომის დროსაც კი არ შექმნილა.
მიხეილ სააკაშვილმა უკლებლივ ყველა პოლიტიკურ ძალას მოუწოდა, რომ პატივი სცენ კონსტიტუციასა და მოქმედ კანონმდებლობას და ქვეყანაში არ დაუშვან წესრიგისა და კანონიერების მოშლა.
პრეზიდენტმა ეკა ზღულაძესა და მურთაზ ზოდელავას მსგავსი შემთხვევების აღკვეთა დაავალა და აღნიშნა, რომ შესაბამისმა სტრუქტურებმა დანაშაულის ფაქტებზე დროული რეაგირება უნდა მოახდინონ.
„მთავრობის გადაბარება კონსტიტუციით განსაზღვრული ნორმების შესაბამისად მოხდება და ეს პროცესი არ უნდა აისახოს ქვეყნის ყოველდღიურ უსაფრთხოებაზე“ - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, იგი მზადაა კანონიერების შენარჩუნებისა და დანაშაულის აღმოფხვრის საკითხებთან დაკავშირებით, ახალ მთავრობასთან ითანამშრომლოს.
