ივანიშვილი გაზეთ „ნოვოე ვრემიასთვის“ მიცემული ინტერვიუს კონტექსტს განმარტავს
ივანიშვილი გაზეთ „ნოვოე ვრემიასთვის“ მიცემული ინტერვიუს კონტექსტს განმარტავს
20:06 05.10.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ბიძინა ივანიშვილი გაზეთ „ნოვოე ვრემიას“ ჟურნალისტისთვის ევგენია ალბაცისთვის მიცემული ინტერვიუს ერთ ფრაგმენტს განმარტავს და აცხადებს, რომ მისი განცხადების კონტექსტი დამახინჯდა.

„ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც ჩემი და ჩემი ოჯახის საქართველოში დაბრუნებას, პოლიტიკასა და არჩევნებში ჩართვას შეეხებოდა, მე ვრცელი პასუხი გავეცი, გაზეთში კი - მხოლოდ მცირე ნაწილი მოხვდა, რამაც მთლიანად შეცვალა და დაამახინჯა კონტექსტი“ - აცხადებს ივანიშვილი.

მისი თქმით, ჟურნალისტის კითხვაზე მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ აღფრთოვანებულია სომხებისა და ებრაელების განსაკუთრებული ნიჭით, რაც იმაში გამოიხატება, რომ შეუძლიათ იყვნენ მსოფლიოს მოქალაქეები, და სადაც ცხოვრობენ, ყველგან წარმატებული არიან და ყველგან ძლიერი დიასპორა ჰყავთ.

„ქართველები კი, ისეთი უცნაური ხალხი ვართ, რომ, სამწუხაროდ, ვერსად მოვიკიდეთ ფეხი და ვერსად შევქმენით მძლავრი დიასპორა. ასეთი იყო პასუხის მთავარი კონტექსტი“ - აცხადებს ივანიშვილი და დასძინა, დაბეჭდილ მასალაში, ისე გამოვიდა, თითქოს მას სომხების უკვირს რომ საქართველოში ცხოვრობენ, მაშინ როცა გვერდით მათი სამშობლოა.

ივანიშვილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე თანასწორია განურჩევლად მისი ეთნიკური წარმომავლობისა და ეს გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით და ასეთია მისი პირადი მრწამსიც.


ბეჭდვა