„ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი კარტელური შეთანხმებებისა და მონოპოლიების წინააღმდეგ ბრძოლას აპირებს.
ამის შესახებ მან ბიზნესმენებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
ივანიშვილის შეფასებით, შეხვედრა საკმაოდ საინტერესო იყო. როგორც აღინიშნა, მან ბიზნესმენებს აღუთქვა, რომ ხელისუფლება და ჩინოვნიკები კერძო საკუთრებაში ჩარევას ვეღარ გაბედავენ და ქვეყანაში ბიზნესი დაცული იქნება.
„ეს უნდა იყოს საფუძველი, რომ საქართველოში ბიზნესი რეალურად განვითარდეს, ეკონომიკა აღორძინდეს და მართლაც დაიძლიოს ის პრობლემა, რასაც უმუშევრობა ჰქვია“-აღნიშნა კოალიციის ლიდერმა.
მისივე თქმით, დღევანდელ შეხვდრაზე მან ბიზნესმენებს სთხოვა, რომ ვისაც აქვს კავშირი მონოპოლიებთან და კარტელურ გარიგებებთან უარი თქვან ამაზე, რადგან ამ გარემოებას მისი ხელისუფლება კანონის მეშვეობით შეებრძოლება.
„დავაფუძნებთ ანტიმონოპოლიურ კომიტეტეს და არ დავუშვებთ დღევანდელ მდგომარეობას, როდესაც ეკონომიკა კარტელური შეთანხმებებით იმართება“-განაცხადა მან.
მისივე განმარტებით, ასევე აღდგება საარბიტრაჟო სასამართლო, რომელიც არსებულმა ხელისუფლებამ გააუქმა.
ივანიშვილმა დღევანდელი შეხვედრა დადებითად შეაფასა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მისი ხელისუფლება ქვეყანაში მონოპოლიებს ვერ აიტანს და ფასები უნდა იყოს საბაზო.
