მოქმედი ხელისუფლებისა და კოალიცია „ქართული ოცნების“ სამუშაო ჯგუფების დღევანდელმა შეხვედრამ გამოავლინა,
რომ ორივე მხარეს გაცნობიერებული აქვს მისი წილი პასუხისმგებლობა ქვეყნისა და ხალხის წინაშე - ამის შესახებ პარლამენტის მოქმედმა თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ სახელმწიფო კანცელარიაში გამართული პირველი შეხვედრის შეფასებისას განაცხადა.
„დღევანდელი შეხვედრა ხელისუფლების დემოკრატიულად და მშვიდობიანად გადაცემის პროცესის ძალიან მნიშვნელოვანი და კონსტრუქციული დასაწყისი იყო. ორივე მხარე მოწოდებულია, რომ ეს პროცესი მშვიდობიანად წარიმართოს“ - განაცხადა ბაქრაძემ.
მისი თქმით, ასეთი პოლიტიკური ნების შემთხვევაში, ის დარწმუნებულია, რომ მომავალ შეხვედრებზე მხარეები შეძლებენ ყველა კონკრეტულ საკითხზე შეთანხმებას და პირველად საქართველოს ისტორიაში ხელისუფლების გადაბარებას ისე, რომ ამან არ მოიტანოს ნგრევა, არეულობა და კრიზისი.
