ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების შეჯამება დაასრულა.
აღნიშნულის შესახებ დღეს ცესკო-ში გამართულ ბრიფინგზე კომისიის სპიკერმა ეკა აზარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, 3 766 უბნიდან დათვლილია ყველა უბნის მონაცემი. ცვლილებები შეიძლება მოხდეს მხოლოდ გასაჩივრების პროცედურების შედეგად, თუმცა, რაიმე სახის მნიშვნელოვანი ცვლილებას ცესკო-ში ნაკლებად ვარაუდობენ.
როგორც აზარაშვილმა აღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობა დადებითად შეაფასეს საერთაშორისო სადამკვივებლო ორგანიზაციებმა.
მისი თქმით, ევროპის საბჭოს და ეუთოს საპარლამენტო ასამბლეების, ასევე, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტიტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის, ევროპარლამენტის და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელთა 2 ოქტომბრის ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მთლიანობაში საარჩევნო ადმინისტრაციას მაღალი ნდობა ჰქონდა და იგი არჩევნების მზადების პროცესს პროფესიონალურად წარუძღვა, ამასთან, ცენტრალური საარჩევნო კომისია ეფექტურად და გამჭირვალედ მოქმედებდა, იგი ხშირად ატარებდა შეხვედრებს, რომლებიც ღია იყო დამკვირვებლებისთვის, პარტიებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის.
აზარაშვილის განმარტებით, საარჩევნო ადმინისტრაციას დარჩენილ პერიოდში ჩასატარებელი აქვს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურები, რათა შეიქმნას დოკუმენტი, რომელიც ძალაუფლების განაწილების იურიდიული საფუძველი იქნება.
მისივე ცნობით, დღეისთვის მიმდინარეობს საჩივრების განხილვის ეტაპი, რომლის ობიექტურად და გამჭვირვალედ ჩატარება უაღრესად მნიშვნელოვანია.
„ჩვენ ყურადღებით ვსწავლობთ საჩივრების სახით შემოსულ და მედიაში გავრცელებულ ყველა ინფორმაციას შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებით“- განაცხადა აზარაშვილმა და დასძინა, რომ ცესკო დაინტერესებულ მხარეებს, განსაკუთრებით კი მედიას მოუწოდებს, თავი შეიკავონ წინასწარი დასკვნებისა და საარჩევნო ადმინისტრაციის მიზანმიმართული დისკრედიტაციისგან.
