მამუკა ხაზარაძე ქართული პროდუქციისთვის რუსული ბაზრის გახსნის ინიციატივას დადებითად აფასებს
მამუკა ხაზარაძე ქართული პროდუქციისთვის რუსული ბაზრის გახსნის ინიციატივას დადებითად აფასებს
15:52 05.10.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ბიზნესმენებთან შეხვედრაზე სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად ქვეყანაში მონოპოლიის გაუქმებაზე ისაუბრა. ამის შესახებ შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

ხაზარაძის თქმით, ივანიშვილმა რამდენიმე ისეთი საკითხი წამოჭრა, რასაც იგი ეთანხმება, მათ შორისაა მონოპოლიების მოსპობის თემა.

ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ აუცილებელია ქვეყანაში კონკურენტული გარემო არსებობდეს და ყველა ბიზნესმენს თავისი ბიზნესის განვითრების საშუალება ჰქონდეს. ასევე, ბაზარზე არ უნდა არსებობდეს ხელოვნური ფასები და კარტელური გარიგებები.

იგი აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია კარტელური შეთანხმებების არარსებობა და ანტიმონოპოლიური სამსახურის ჩამოყალიბება.

ამასთან, მამუკა ხაზარაძეს მნიშვნელოვნად მიაჩნია და დადებითად აფასებს ივანიშვილის ინიციატივას რუსული ბაზრის გახსნის თაობაზე.

„ეს არის ძალიან კარგი ინიციატივა, რადგან რუსეთის ბაზარი ქართული ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია“ - აღნიშნა მან.

მისივე განმარტებით, სახელმწიფოს მხრიდან კერძო საკუთრებაში ჩაურევლობის გარანტია უნდა იყოს და საჭიროა ჩამოყალიბდეს კერძო არბიტრაჟი.

რაც შეეხება პრობლემებს, ხაზარაძე აცხადებს, რომ ბიზნესს პრობლემები ყოველთვის ჰქონდა თუმცა, დეტალებზე საუბარი არ სურს, რადგან მისი თქმით, ეს ისედაც ყველასთვის ცნობილია - „სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის ყოველთვის ურთიერთჭიდილი იყო“.


ბეჭდვა