კახა კახიშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ უნდა მოახერხოს მინისტრთა მთელი კაბინეტის გაკონტროლება
კახა კახიშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ უნდა მოახერხოს მინისტრთა მთელი კაბინეტის გაკონტროლება
15:36 05.10.2012
კოალიცია „ქართულ ოცნებას“ ძალოვან უწყებებზე კონტროლის გარეშე, დაპირებების შესრულება გაუჭირდება. ეს განცხადება საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელმა, ექპერტმა კახა კახიშვილმა გააკეთა.

როგორც მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ქვეყანაში კონსტიტუციური კოლიზიაა, რადგან მოქმედი პარლამენტის თავმჯდომარე, მინისტრები, გუბერნატორები, გამგებლები, მერები და პრეზიდენტი აცხადებენ, რომ ოპოზიციაში არიან.

კახიშვილის თქმით, მსგავსი შემთხვევა უპრეცედენტოა და სიტუაცია მაინდამაინც ნორმალური არ არის, რადგან მთავრობა სამთავრობო ინსტიტუტებით სარგებლობს. მას მიაჩნია, რომ ეს ყოველივე მხოლოდ მოსახლეობის აზრის ფორმირებას ემსახურება, რათა საზოგადოებას გაუჩინოს შეხდულება, თითქოს, პასუხისმგელობა არჩევნებში გამარჯვებულ ძალას ეკისრება.

„მაგრამ ეს მხოლოდ აზრის ფორმირებაა, რადგან ყველა არსებული ბერკეტი სიტუაციის კონტროლისა და სიმშვიდის შენარჩუნებისთვის ჯერ კიდევ მოქმედ ხელისუფლებას აქვს. ნონსენსია, როცა უშიშროების საბჭოს მდივანი და სხვა თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ ოპოზიციაში არიან. მინდა ვკითხო ბოკერიას-როცა ხელისუფლებაში იყო მისცემდა თუ არა ოპოზიციას უშიშროების საბჭოს სხდომების გამართვის საშუალებას“-განაცახდა კახიშვილმა.

მისი თქმით, თუ ძალოვან სტრუქტურებზე კონტროლს ხელისუფლება დაიტოვებს, „ქართულ ოცნებას“ დაპირებების შესრულება ძალიან გაუჭირდება, მათ შორს, ფასების შემცირება და მონოპოლიების დაშლა.

მისივე თქმით, დეპოლიტიზებული მართლმასაჯულებისა და დამოუკიდებელი სასამართლოს მისაღებად, „ქართულმა ოცნებამ“ უნდა მოახერხოს მინისტრთა მთელი კაბინეტის გაკონტროლება, „ქართულ ოცნებას“ ყველაფერზე პასუხისმგებლობა მხოლოდ ამის შემდეგ დაეკისრება.

კახიშვილი მიიჩნევს, რომ მოქმედი ხელისუფლება ოპოზიციაში გადასვლის შემთხვევაში ბევრად უფრო კარგ პირობებში იქნება, რადგან ის ფლობს სხვადასხვა ტელევიზიას და რვა წლის განმავლობაში ყველა სახელისუფლებო უწყებაზე ინფორმაცია აქვს შეკრებილი.

ბეჭდვა