კოალიცია „ქართული ოცნებისა“ და მოქმედი ხელისუფლების მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფების პირველი შეხვედრა ხვალ, მთავრობის კანცელარიაში, 13:00 საათზეა დაგეგმილი.
ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა.
ალასანიას თქმით, ხვალ პირველი შეხვედრა შედგება და დღევანდელ მთავრობასთან სამუშაო ურთიერთობა დაიწყება.
„ეს არის აბსოლუტურად ბუნებრივი და სწორი პროცესი და იმედი გვაქვს სწრაფად დასრულდება, რადგან ახალ მთავრობას ძალიან ეფექტური და სწრაფი ნაბიჯების გადადგმა მოუწევს იმისთვის, რომ ქვეყანა ეკონომიკური კრიზისიდან გამოვიყვანოთ. ხაზინა პრაქტიკულად ცარიელი გვხვდება. ინფრასტრუქტურის ყველა მნიშვენლოვანი ობიექტი გაყიდულია და 10 მილიარდი ვალია დაგროვილი“- განაცხადა ალასანიამ.
მისი თქმით, საქართველოს მომავალ პრემირ-მინისტრს ზუსტი გეგმა აქვს იმისა, თუ როგორ გაუმკლავდება საქართველო აღნიშნულ პრობლემებს.
საქართველოს მოქმედი ხელისუფლების მხრიდან საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულ პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციებს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, თბილისის მერი გიგი უგულავა, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია გამართავენ.
„ქართულმა ოცნებამ“ ასეთივე ჯგუფი ირაკლი ალასანიას, დავით უსუფაშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის შემადგენლობით შექმნა.
