ბოკერია - რეგიონებში ძალადობის მუქარის დროულ შეწყვეტას ქვეყნის უსაფრთხოებაზე გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება
ბოკერია - რეგიონებში ძალადობის მუქარის დროულ შეწყვეტას ქვეყნის უსაფრთხოებაზე გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება
18:15 04.10.2012
საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ბოლო დროს გახშირებული ძალადობის და მუქარის დროული აღკვეთა პირდაპირ გავლენას იქონიებს საქართველოს  დემოკრატიული განვითარებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე.

ამის შესახებ დღეს ბრიფინგზე ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა, უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარემ გიგა ბოკერიამ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში არჩევნების შემდგომი პროცესის მშვიდობიან და კონსტიტუციურ ფარგლებში დასრულების მთავარი პრობლემა დღეისთვის არის ძალადობა და ძალადობის მუქარა, რისი გახშირებული ფაქტებიც ბოლო დროს სხვადასხვა რეგიონში ფიქსირდება.

მისი თქმით, სამწუხაროდ ჯერ არ სრულდება არჩევნების შედეგად გამარჯვებული პოლიტიკური ძალის ლიდერის მოწოდება საკუთარი აქტივისტებისადმი ამ მუქარისა და ძალადობის შეწყვეტის შესახებ, რაც ბოკერიას თქმით, შეშფოთებას იწვევს.

ბოკერიას თქმით, ამ პროცესის დროული და მშვიდობიანი დასრულება გადამწყვეტი იქნება ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, საქართველოს უსაფრთხოებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.

„თუ ის ადამიანები არიან გულწრფელები, ეს აუცილებლად შესრულდება“-განაცხადა ბოკერიამ.

ბეჭდვა