საქართველოს მოქმედი ხელისუფლების მხრიდან საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებულ პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციებს პარლამენტის მოქმედი თავმჯდომარე დავით ბაქრაძე,
თბილისის მერი გიგი უგულავა, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია გამართავენ.
ამის შესახებ დღეს საგანგებო ბრიფინგზე გიგა ბოკერიამ განაცხადა და იმედი გამოთქვა, რომ ეს დიალოგი უახლოეს მომავალში დაიწყება.
ბოკერიას თქმით, იმისთვის, რომ ყველა პროცესი წარმატებით და კონსტიტუციის ფარგლებში დროულად და მშვიდად განხორციელდეს, აუცილებელია არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური გუნდის დიალოგი ხელისუფლებაში მყოფ პოლიტიკურ მხარესთან.
„ქართულმა ოცნებამ“ ასეთივე ჯგუფი გუშინ ირაკლი ალასანიას, დავით უსუფაშვილის და ირაკლი ღარიბაშვილის შემადგენლობით შექმნა.
