საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ევროკავშირისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა.
როგორც პრეზიდენტის ვებ-გვერდზეა აღნიშნული, შეხვედრის მთავარი თემა ქვეყანაში გამართული საპარლამენტო არჩევენები იყო.
დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების შეფასებით, არჩევნები, ისევე როგორც საარჩევნო პროცესი წარმატებით დასრულდა, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქვეყანა დემოკრატიულ კურსს ინარჩუნებს.
როგორც ევროპელმა დიპლომატებმა საუბრისას აღნიშნეს, 1 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა თავისუფალი აზრის გამოხატვა შეძლო და ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ დემოკრატიის, თავისუფლებისა და ევროპული ღირებულებების ერთგულია.
შეხვედრისას ევროკავშირისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით განაცხადეს, რომ ხმის დათვლის პროცესიც დემოკრატიულ და გამჭვირვალე ვითარებაში უნდა წარიმართოს და ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მუშაობა მშვიდ გარემოში შეძლოს.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მნიშვნელოვანია, რომ გარდამავალმა პერიოდმა კონსტიტუციისა და კანონიერების სრული დაცვით ჩაიაროს და ევროპული ინტეგრაციის კურსი კვლავაც გაგრძელდეს.
შეხვედრას ევროკავშირის ელჩი ფილიპ დიმიტროვი, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლი ფილიპ ლეფორი და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ანჟეი ტიშკევიჩი, ხოლო ქართული მხრიდან ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თორნიკე გორდაძე ესწრებოდნენ.
