საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გერმანიის წარმომადგენლობითი დელეგაცია მიიღო.
როგორც პრეზიდენტის ვებ-გვერდზეა აღნიშნული,
დელეგაციას ბუნდესტაგის თავმჯდომარის მოადგილე ვოლფგანგ ტირზე ხელმღვანელობს.
გერმანელმა კანონმდებლებმა შეხვედრისას, საქართველოში გამართული საპარლამენტო არჩევნების პროცესი შეაფასეს და აღნიშნეს, რომ საქართველომ და ქვეყნის ხელისუფლებამ მმართველობის დემოკრატიული კურსი კიდევ ერთხელ დაადასტურა.
ვოლფგანგ ტირზეს განცხადებით, 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიულობის მაღალი ხარისხით გამოირჩეოდა.
საუბრისას, მხარეებმა საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობაზე გაამახვილეს ყურადღება და თანამშრომლობის გაგრძელების აუცილებლობაზეც იმსჯელეს. ამას გარდა, მათ რეგიონული და საერთაშორისო საკითხებიც განიხილეს.
დასასრულს დელეგაციის წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ გერმანიის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატეს.
გერმანიის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლობითი დელეგაცია საქართველოში 7 ოქტომბრამდე დარჩება.
