ალასანია მხარდამჭერებს მოუწოდებს სასამართლო დავების გადაწყვეტას დაელოდონ
ალასანია მხარდამჭერებს მოუწოდებს სასამართლო დავების გადაწყვეტას დაელოდონ
17:24 04.10.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ალასანიამ დღეს ზუგდიდში აქციაზე შეკრებილ მხარდამჭერებს განუცხადა, რომ არც ერთი ხმა, რომელიც კოალიციამ მოიპოვა,  არ დაიკარგება და ზუგდიდში, ისევე როგორც მთლიანად საქართველოში, სამართლიანობა იზეიმებს.

„ჩვენ ერთობლივად შევძელით მშვიდობიანი და კონსტიტუციური გზით უსამართლობისგან და ტირანიისგან გათავისუფლება“ - განაცხადა ალასანიამ და მხარდამჭერებს მოუწოდა დავების სასამართლოებში გადაჭრას დაელოდონ.

მისი თქმით, კოალიცია მშვიდობიანად, ემოციების კონტროლითა და ცივი გონებით აგრძელებს ბრძოლას.

„დღეიდან ჩვენ უნდა დავიწყოთ შრომა სამართლებრივი ქვეყნის ასაშენებლად და ამიტომ, უფლება არ გვაქვს სამართლებრივი და კანონიერი გზიდან გადავუხვიოთ“ - განაცხადა ალასანიამ.

ალასანიას მხარდამჭერ აქციაზე დამკვირვებლის სტატუსით მივიდა აშშ-ს ელჩი რიჩარდ ნორლანდი და საზოგადოებისადმი ალასანიას მიმართვა მოისმინა.


ბეჭდვა