„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ სხვადასხვა საარჩევნო ოლქში შექმნილ ვითარებას დემოკრატიული არჩევნების ჩაშლისა და დისკრედიტაციის მცდელობად აფასებს.
როგორც დღეს პარტიის პრესსპიკერმა ჩიორა თაქთაქიშვილმა განაცხადა, საერთაშორისო საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და „ქართული ოცნების“ ლიდერების მოწოდების მიუხედავად, საარჩევნო ადმინისტრაციის წევრებსა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გამარჯვებულ კანდიდატებზე დაშინებისა და ფიზიკური ანგარისწორების მუქარა გრძელდება.
„ეს არის დემოკრატიული არჩევნების ჩაშლის და დისკრედიტაციის მცდელობა. არჩევნების, რომელიც ყველამ აღიარა, როგორც საქართველოს ისტორიაში ყველაზე თავისუფალი და სამართლიანი“ - განაცხადა ჩიორა თაქთაქიშვილმა.
მან რამდენიმე ფაქტი ჩამოთვალა და აღნიშნა, რომ დღეს ზუგდიდში ყოფილი „მხედრიონის“ წარმომადგენელი თემურ გერგაია მნიშვნელოვანი უპირატესობით გამარჯვებული დეპუტატობის კანდიდატს როლანდ ახალაიას პირადი ანგარიშსწორებით დაემუქრა.
გარდა ამისა, თაქთაქიშვილმა აღნიშნა, რომ წუხელ ნინოწმინდაში „ქართული ოცნების“ შტაბის უფროსი ჯუმბერ გელაშვილი პირადად დაემუქრა ფიზიკური ანგარიშსწორებით კომისიის თავმჯდომარე სეირან კურეგიანს, თუ ის არ გააუქმებდა ნინოწმინდის ოლქის შედეგებს.
თაქთაქიშვილის ინფორმაციით, დღეს დილით ამავე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“ ალბერტ ნურბეკიანი სეირან კურეგიანს სახლისა და საკუთრების - ფერმის გადაწვით დაემუქრა.
გარდა ამისა, „ნაცმოძრაობის“ მტკიცებით, გარდაბანში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მამუკა არეშიძე ხალხს უშუალოდ მოუწოდებს საოლქო საარჩევნო კომისიაზე ზეწოლის მიზნით შეკრებისკენ.
„მთელმა საერთაშორისო საზოგადოებამ გუშინ „ქართულ ოცნებას“ მოუწოდა, აღკვეთოს მსგავსი უკანონობა, თუმცა, დღემდე სიტუაცია არა თუ შეცვლილა, არამედ უფრო დამძიმდა“ - განაცხადა თაქთაქიშვილმა.
