ივანიშვილის თქმით, საჯარო მოხელეების აბსოლუტური უმრავლესობა თანამდებობას შეინარჩუნებს
ივანიშვილის თქმით, საჯარო მოხელეების აბსოლუტური უმრავლესობა თანამდებობას შეინარჩუნებს
15:48 04.10.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ყველა საჯარო მოხელე, ვისაც სისხლის სამართლის დანაშაული არა აქვს ჩადენილი, თანამდებობას შეინარჩუნებს.

როგორც ივანიშვილმა განაცხადა, საჯარო მოხელეებმა და პირველ რიგში პოლიციის თანამშრომლებმა კანონიერება უნდა დაიცვან და შეასრულონ მოვალეობა, რაც მათ კონსტიტუციით ეკისრებათ.

„როგორც დავპირდით - საჯარო მოხელეების აბსოლუტური უმრავლესობა თავის ადგილებს შეინარჩუნებს, ეს ეხება პოლიციასაც, პროკურატურასაც, სპეცსამსახურებსაც, ყველას ეხება. ნუ ღელავთ, ვისაც სისხლის სამართლის საქმე არ გაქვთ ჩადენილი, აბსოლუტური უმრავლესობა თქვენს ადგილებს შეინარჩუნებთ“ - მიმართა ივანიშვილმა საჯარო მოხელეებს.

კოალიციის ლიდერმა მათ კანონის შესაბამისად საქმიანობის გაგრძელებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ შეუძლიათ არ იღელვონ, რადგან ყველაფერი კარგად იქნება.




ბეჭდვა