ხიდაშელი - ახალი მთავრობის დამტკიცებამდე, მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებლობა მოქმედ ხელისუფლებას ეკისრება
ხიდაშელი - ახალი მთავრობის დამტკიცებამდე, მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებლობა მოქმედ ხელისუფლებას ეკისრება
15:13 04.10.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი თინა ხიდაშელი აცხადებს,  რომ ახალი მთავრობის დამტკიცებამდე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებლობა მოქმედ ხელისუფლებას ეკისრება.

როგორც „ნიუსპრესს“ თინა ხიდაშელმა განუცხადა, მას ბოლოდროინდელი ძარცვების შესახებ არ სმენია.

„გახშირებული ძარცვების შესახებ არ მსმენია, მაგრამ პასუხისმგებლობა იმ ყველაფერზე, რაც ამ დღეებში მოხდება, სწორედ ხელისუფლებას ეკისრება“ - განაცხადა ხიდაშელმა.

მისი თქმით, კოალიცია ასევე, აუცილებლად მიაქცევს ყურადღებას ლისის ტბაზე გარკვეული დოკუმეტების განადგურების საკითხს, თუმცა, საარჩევნო პროცესების დასრულებამდე ხელში არავითარი ბერკეტი არ აქვს.

„კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ პასუხისმგებელი, მათ შორის იმაზეც თუ რამე დაიკარგება, განადგურდება ან ინფორმაცია არ იქნება ისე, როგორც სახელმწიფო უწყებაში უნდა იყოს დაცული, იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც ახალი მთავრობის დამტკიცებამდე ხელისუფლებაში არიან“ - განაცხადა ხიდაშელმა.

საგარეჯოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მათ დარჩენილი სამი კვირის განმავლობაში თანამდებობრივი ღირსების შენარჩუნებას ურჩევს.

დღეს თბილისში ძარცვის ორ ფაქტი დაფიქსირდა, ერთი „პროკრედიტ ბანკის“ ფილიალში, ხოლო მეორე ქინძმარაულის ქუჩაზე ერთ-ერთ სადისტრიბუციო კომპანიაში. გუშინ კი, დიღომში დაუდგენელმა პირებმა რამდენიმე ავტომობილი დააზიანეს. ასევე, ინტერნეტში გავრცელდა ვიდეომასალა, სადაც ლისის ტბაზე უცნობი პირები დოკუმეტებს წვავენ.


ბეჭდვა