კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი სოზარ სუბარი ბოლო ორ დღეში დაფიქსირებული გახშირებული ძარცვის ფაქტების ხელოვნურობას არ გამორიცხავს.
როგორც „ნიუსპრესს“ სოზარ სუბარმა განუცხადა, მას ისეთი განცდა აქვს, თითქოს, გარკვეული სტრუქტურებისგან ერთგვარ საბოტაჟს აქვს ადგილი.
მისი თქმით, ამის ვარაუდს დიღომში ძარცვის ფაქტზე პოლიციის გამოძახება და მათი მხრიდან გაკეთებული პოლიტიკური განცხადებები ამყარებს.
სუბარის განცხადებით, დიღომში პოლიცია რომ გამოიძახეს, მათ მოქალაქეებს პირდაპირ უთხრეს - ახლა „ქართულმა ოცნებამ“ მოგხედოთო.
„როდესაც პოლიცია მოდის და გამოძიების ნაცვლად პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს, ცხადია, მსგავსი ფაქტები ხელოვნურია. ჩვენი განწყობა ასეთია, რომ გარდა დარღვევებში მონაწილეებისა, ყველა თავის ადგილზე დარჩება“ - განაცხადა სუბარმა.
მისი თქმით, თუ ვინმე მსგავს საბოტაჟზე წავა, არა მხოლოდ თანამდებობას დატოვებს, არამედ ძალიან მკაცრად დაისჯება.
დღეს თბილისში ძარცვის ორ ფაქტი დაფიქსირდა, ერთი „პროკრედიტ ბანკის“ ფილიალში, ხოლო მეორე ქინძმარაულის ქუჩაზე ერთ-ერთ სადისტრიბუციო კომპანიაში. გუშინ კი, დიღომში დაუდგენელმა პირებმა რამდენიმე ავტომობილი დააზიანეს.
