პარტია „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი გიორგი თარგამაძე აცხადებს, რომ რაც მალე წავა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოსტიდან, ქვეყნისთვის
ეს მით უკეთესი შედეგის მომტანი იქნება.
გიორგი თარგამაძე მიიჩნევს, რომ ახალმა პოლიტიკურმა ძალამ სრულად უნდა აიღოს პასუხისმგებლობა ქართველი ხალხისა და ქვეყნის წინაშე.
ამასთან, მისი განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა, ყველა საკვანძო თანამდებობა უნდა დატოვონ, მათ შორის, თბილისის მერმა გიგი უგულავამ.
„ამ შედეგების და ხალხის ნების გათვალსიწინებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს უფლება ინარჩუნებდეს საკვანძო თანამდებობებს. ახლა საინტერესოა ის, თუ როგორ გაგრძელდება ორ ხელისუფლებიანობა და როგორ დაკომპლექტდება ახალი მთავრობა“-განაცხადა თარგამაძემ.
ამასთან თარგამაძე აღნიშნავს, რომ იგი კმაყოფილია იმ შედეგებით, რაც არჩევნების შედეგად ქვეყანამ მიიღო. თუმცა, საკუთარი პარტიის შედეგებით უკმაყოფილოა.
„კმაყოფილი ვარ იმ შედეგებით, რაც ჩვენმა ქვეყანამ არჩევნების შედეგად მიიღო. წელს პირველად ჩატარდა დემოკრატიული არჩევნები, რისთვისაც „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“ იბრძოდა. ჩვენ მივულოცეთ „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში გამარჯვება და იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს არ იქნება უკანასკნელი შემთხვევა, როდესაც არჩევნები ქვეყანაში დემოკრატიულად ჩატარდა“ - განაცხადა თარგმაძემ.
