ხულოსა და სიღნაღში საარჩევნო კომისიის შედეგები თითო-თითო უბანზე გაბათილებულია. ამის შესახებ ჟურნალისტებს ცესკო-ს სპიკერმა ეკა აზარაშვილმა
განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, შესაძლებელია სიღნაღში გაბათილებულ ერთ უბნზე ხელახალი კენჭისყრა გაიმართოს.
ამასთან, აზარაშვილის ინფორმაციით, ყვარელში უბნის გაბათილებაზე კომისიამ უარი თქვა, თუმცა, ამ ეტაპზე, ყვარლის 5 უბნის ბათილობაზე საჩივარია შესული, რომელსაც საოლქო კომისია სხდომაზე განიხილავს.
„ყვარელში, თერჯოლასა და ხაშურში ჯერჯერობით არცერთი უბნის შედეგი არ არის ბათილად ცნობილი, თუმცა, საჩივრების განხილვა მიმდინარეობს. ყველა დარღვევაზე რეაგირებას მოახდენენ საოლქო საარჩევნო კომისიები, რადგანაც იქ მიმდინარეობს კანონით განსაზღვრულ ვადებში საჩივრების განხილვა” - განაცხადა აზარაშვილმა და აღნიშნა, რომ საჩივრების განხილვას სხვადასხვა ინსტანციაში განსაზღვრული ვადები აქვს, ხოლო ვადის ამოწურვის შემდეგ, კომისია საბოლოო შედეგების გამოქვეყნებას შეძლებს.
ცეკო-ს სპიკერის განმარტებით, საუბნო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებები, მათი მიღებიდან 3 კალენდარული დღის ვადაში შიძლება გასაჩივრდეს შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიაში, რომელიც საჩივარს იხილავს ერთი კალენდარული დღის ვადაში, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება ორი კალენდარული დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრედს შესაბამის რაიონულ საქალაქო სასამართლოში, რომელიც საჩივარს, ასევე, ორი კალენდარული დღის ვადაში განიხილავს.
მისივე განმარტებით, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მისი მიღებიდან ერთი დღის ვადაში შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, რომელიც საჩივარს 12 დღის ვადაში იხილავს. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
