ეკა აზარაშვილი - ყველა დარღვევაზე ცესკო კანონით გათვალისწინებულ ვადებში მოახდენს რეაგირებას
ეკა აზარაშვილი - ყველა დარღვევაზე ცესკო კანონით გათვალისწინებულ ვადებში მოახდენს რეაგირებას
12:43 04.10.2012
ცესკო-ს სპიკერი ეკა აზარაშვილი საარჩევნო ოლქებზე განხორციელებულ ზეწოლაზე საუბრობს. როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, გუშინ სიღნაღის საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომა საპროტესტო აქციების ფონზე ჩატარდა, რომელმაც ისე გაამწვავა სიტუაცია, რომ კომისიის წევრებმა მხოლოდ საპატრულო პოლიციის დახმარებთ შეძლეს შენობის დატოვება.

მისივე თქმით, სხდომის შემდეგ კომისის თავმჯდომარის ოჯახის წევრების მიმართ ადგილი ჰქონდა მუქარისა და დაშინების მცდელობას, ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ცესკო-ს წარმომადგენელს.

აზარაშვილის განცხადებით, ყვარელში საოლქო საარჩევნო კომისია აქტივისტების მიერ ალყაში იყო მოქცეული, რომლებიც შენობიდან გამოშვების სანაცვლოდ, მათთვის სასურველი გადაწყვეტილების მიღებას მოითხოვდნენ.

ამასთან, მისივე თქმით, ზეწოლა ხორციელდებოდა თეთრიწყაროს, თერჯოლის, მარნეულის ბოლნისის, ახალციხის, გარდაბნის, ხაშურის, ადიგენისა და ლაგოდეხის საოლქო კომისიების მუშაობაზე.

რაც შეეხება ხაშურს, როგორც ცესკო-ს სპიკერმა აღნიშნა, ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის ცნობილია ხაშურში მომხდარი ფაქტები და აღნიშნული საკითხის შესწავლა მიმდინარეობს.

აზარაშვილის განმარტებით, ყველა დარღვევაზე ცესკო კანონით გათვალისწინებულ ვადებში რეაგირებას მოახდენს.

”კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადებში მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება. ასევე, სამართლებრივ რეაგირებას მოვახდენთ ყველა ფაქტზე, რომელიც ჩვენთვის ცნობილია”- განაცხადა აზარაშვილმა.

მისივე თქმით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ დღეს ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიასთან მორიგი საპროტესტო აქცია იგეგმება კომისიისაგან კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნიოთ.

„გვინდა ყველას შევახსენოთ, რომ არჩევნებისთვის თავისუფალი და მშვიდობიანი გარემოს შქმნასთან ერთად, ჩვენი მოვალეობაა დავიცვათ საარჩევნო ადმინისტრაციის წევრები, რომლებმაც ძალიან დიდი შრომა გასწიეს იმისთვის, რომ ეს არჩევნები ყოფილიყო მაღალ დონეზე ორგანიზებული და აესახა ის რეალობა, რომელიც ამომრჩევლებმა საკუთარი ნების გამოხატვით დააფიქსირეს” -განაცხადა აზარაშვილმა.

მისივე თქმით, ცესკო კიდევ ერთხელ მოუწოდებს საარჩევნო სუბიექტს და მის აქტივისტებს, რომ ნუ გასცდებიან სამართლებრივ ჩარჩოებს, რათა შესაძლებელი გახდეს, რომ არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამება და გამოქვეყნება ისეთივე მშვიდობიანი მოხდეს, როგორც არჩევნები წარიმართა.

ბეჭდვა