სადავო ოლქებთან დაკავშირებით, ცესკოში საჩივრების განხილვა მიმდინარეობს
სადავო ოლქებთან დაკავშირებით, ცესკოში საჩივრების განხილვა მიმდინარეობს
11:54 04.10.2012
73 საარჩევო ოლქიდან 39 ოლქში კოალიცია „ქართული ოცნება”, ხოლო 34 მაჟორიტარულ ოლქში „ნაციონალური მოძრაობა” ლიდერობს.

რაც შეეხება რეგიონებს, კახეთის 5 ოლქში - სიღნაღში, ლაგოდეხში, დედოფლისწყაროში, ყვარელსა და გურჯაანში „ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატები ლიდერობენ, თელავში, ახმეტასა და საგარეჯოში კი - „ქართული ოცნების” მაჟორიტარები.

წინასწარი მონაცემებით, იმერეთის 8 ოლქში - ქუთაისში, ზესტაფონში, სამტრედიაში, ჭიათურაში, საჩხერეში, ტყიბულში, ბაღდათსა და ხარაგაულში „ქართული ოცნება” იმარჯვებს, 4 ოლქში - წყალტუბოში, თერჯოლაში, ვანსა და ხონში კი „ნაციონალური მოძრაობა”.

აჭარის 3 მაჟორიტარულ ოლქში - ბათუმში, ქობულეთსა და ხელვაჩაურში ”ქართული ოცნების” კანდიდატები ლიდერობენ, ქედაში, შუახევსა და ხულოში - ”ნაციონალური მოძრაობა”.

„ქართული ოცნება” იმარჯვებს მცხეთა-მთიანეთის ოთხივე ოლქში, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემოს სვანეთში კი - „ქართული ოცნებას” მხოლოდ 1 ოლქში - ონში აქვს უპირატესობა. „ნაციონალური მოძრაობა” ლიდერობს ცაგერში, ლენტეხსა და ამბროლაურში.

სამეგრელო-ზემო სვანეთის მაჟორიტარულ ოლქებში, წინასაწარი მონაცემებით, 7 ოლქში - აბაშაში, სენაკში, ზუგდიდში, მარტვილში, წალენჯიხაში, ხობსა და ჩხოროწყუში ”ნაციონალური მოძრაობა” ლიდერობს, ფოთსა და მესტიაში კი -”ქართული ოცნება”.

სამცხე-ჯავახეთის ერთ ოლქში - ბორჯომში „ქართული ოცნება” ლიდერობს, დარჩენილ 5 ოლქში - ადიგენში, ასპინძაში, ახალქალაქში, ახალციხესა და ნინოწმინდაში - „ნაციონალური მოძრაობა”.

შიდა ქართლის 1 ოლქში - ხაშურში „ნაციონალური მოძრაობა”, ხოლო 3 ოლქში - გორში, კასპში და ქარელში „ქართული ოცნება” იმარჯვებს.

რაც შეეხება ქვემო ქართლს, წინასწარი მონაცემებით, აქ „ქართული ოცნება” მხოლოდ ერთ - რუსთავის ოლქში იმარჯვებს, გარდაბანში, ბოლნისში, მარნეულში, დმანისში, თეთრიწყაროსა და წალკაში - „ნაციონალური მოძრაობა”.

ამ დროისთვის ჯერ კიდევ სადავოა თეთრიწყაროს, ამბროლაურის, სიღნაღის, თერჯოლისა და მარტვილის ოლქები და ცესკოში აღნიშნულთან დაკავშირებით, საჩივრების განხილვა მიმდინარეობს.

საჩივრებს განიხილავენ საოლქო კომისიებიც, სადაც საჩივრის წარდგენის ბოლო ვადა დღეს იწურება.

ბეჭდვა