სახლში დაბრუნებული ივანიშვილის დაცვის წევრი ბესო სურმავა ოჯახთან მომხდარზე არ საუბრობს
სახლში დაბრუნებული ივანიშვილის დაცვის წევრი ბესო სურმავა ოჯახთან მომხდარზე არ საუბრობს
11:33 04.10.2012
კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის დაცვის წევრი ბესო სურმავა, რომლის ადგილსამყოფელი 27 სექტემბრის შემდეგ  უცნობი იყო, წუხელ ოჯახში დაბრუნდა.

როგორც „ნიუსპრესს“ სურმავას მეუღლემ მაკა ლობჟანიძემ განუცხადა, მისთვის ამ დრომდე უცნობია, რა მოხდა და სად იმყოფებოდა მისი მეუღლე.

„ჩვენ არ გვილაპარაკია ამ თემაზე, ის აშკარად გადაღლილი და განერვიულებულია. ამ თემაზე, ალბათ, ჩემთან არც ილაპარაკებს. არ ვიცი, მომავალში რა იქნება და როგორ, მაგრამ ჩემთვის მთავარი იყო, რომ ის დაბრუნებულიყო“ - აღნიშნა მაკა ლობჟანიძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ არ იცის, ის სახლში მიიყვანეს, თუ თავისით მივიდა.

„ქართული ოცნების“ ხელმძღვანელის პირადი დაცვის წევრი ბესო სურმავა 27 სექტემბერს გაუჩინარდა, მოგვიანებით მის მიერ ინტერნეტსივრცეში კოალიციის წევრების წინააღმდეგ აუდიოჩანაწერები გავრცელდა, რომელთა ჩაწერას ის, მისი თქმით, ივანიშვილის დავალებით ახორციელებდა.

სურმავას ოჯახის წევრები აცხადებდნენ, რომ ის გატაცებული იყო და მას ჩანაწერები ფსიქოლოგიური ზეწოლის შედეგად გაავრცელებინეს.




ბეჭდვა