ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიასთან დღეს 15:00 საათზე საპროტესტო აქცია გაიმართება. როგორც საარჩევნო ბლოკის „ბიძინა ივანიშვილი - ქართული
ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი დავით საგანელიძე აცხადებს, კოალიცია კანონის დარღვევაზე თვალს ვერ დახუჭავს.
მისი თქმით, დღევანდელი აქცია კოალიციის ორგანიზებით არ იმართება და ის საჩვენებელი აქცია იქნება, სადაც შესაძლოა, მოსახლეობამ თავისი პროტესტი გამოთქვას.
„დღეს სხვა ბერკეტები გვაქვს და ისე აღარ ვიშლი ნერვებს, როგორც წინა წლებში“ - განაცხადა საგანელიძემ.
ზუგდიდსა და სხვა რამდენიმე რაიონში, გუშინ, საოლქო საარჩევნო კომისიებთან ვითარება დაძაბული იყო. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები საკუთარი ხმების დაცვას ცდილობდნენ.
„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, დღეიდან აქციები აღარ უნდა გაიმართოს. კოალიციის ლიდერების თქმით, ისინი საკუთარ ხმებს სამართლებრივი ბერკეტებით დაიცავენ, თუმცა, ზუგდიდში დღევანდელი აქცია, სოციალური ქსელის საშუალებით, მაინც დაიგეგმა.
